პენსიების ზრდის მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობა" ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
რას ითხოვენ და როგორ აპირებენ კამპანიის ჩატარებას, ამ საკითხზე გურჯაანის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა ნიჟარაძე გვესაუბრა.
"საკითხი გუშინ დაანონსდა. ჩვენი ინიციატივაა, 2016 წელს პენსიები 50 ლარით გაიზარდოს. ვითხოვთ, რომ ის 456 მილიონი, რომელიც მთავრობის ხელფასებსა და პრემიებში მიდის, სოციალურ პაკეტში გადაიტანონ. ამაზე იწყება ხელმოწერები. იქნება ასეთი კონტექსტი- პენსიები გვინდა თუ მთავრობის წევრებისთვის ხელფასები და პრემიები? იმედია, პენსიონერები პენსიის ზრდას აირჩევენ და უამრავი ხელმოწერა მოგროვდება. ამის შემდეგ უკვე ვნახავთ რას გადაწყვეტს ხელისუფლება. ხალხს მოუსმენს, თუ სირაქლემას პოზიციაში დადგება."-აღნიშნა მან.
ნიკა ნიჟარაძის თქმით, ხელმოწერების შეგროვება ქვეყნის მასშტაბით დაიწყება.
"როგორი კითხვარი იქნება, დაზუსტებით რამდენიმე დღეში გვეცოდინება. კონცეფცია ის არის, რომ უნდა მივიდეთ ყველა პენსიონერთან და მათი აზრი გავიგოთ. ვივლით ოჯახებში, შეიძლება მაგიდები გურჯაანის ცენტრალურ ქუჩებზეც დაიდგას. ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს, თუ გვინდა, რომ 2016 წლის ბიუჯეტში აისახოს. სავარაუდოდ, ყველაფერი დეკემბრის ბოლომდე უნდა დამთავრდეს."
შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2016 წლიდან პენსიის 50 ლარით გაზრდას ითხოვს. ახალი ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები