ვისაც პირადობის მოწმობის აღდგენა სურს
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკარგვის ან დაზიანების გამო, მოქალაქეებს დოკუმენტის დაზღვევის შემთხვევაში, საბუთების აღდგენა უფასოდ შეეძლებათ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, პირადობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი და დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვის, დაზიანების, ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის შემთხვევაში, ჯიპიაი ჰოლდინგი დაფარავს საბუთის აღდგენის ღირებულებას და მოქალაქე ახალ საბუთს სრულიად უფასოდ მიიღებს.

"პირადობის ელექტრონული მოწმობის მე-10 სამუშაო დღეს მიღებისთვის დაზღვევის ღირებულება მხოლოდ 3 ლარს შეადგენს, დაზღვევის გარეშე საბუთის საფასური 33 ლარია. თუ მოქალაქეს პირადობის მოწმობის აღდგენა იმავე დღეს სურს, ასეთ დროს დაზღვევის ფასი 7 ლარია, ხოლო დაზღვევის გარეშე მოწმობის იმავე დღეს მიღების საფასური 68 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება პასპორტს, ამ შემთხვევაში დაზღვევის ფასი 5 ლარია, ხოლო დაზღვევის გარეშე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მე-10 სამუშაო დღეს 103 ლარის გადახდის სანაცლოდ გაიცემა. თუ მოქალაქეს პასპორტის აღდგენა იმავე დღეს სურს, ასეთ დროს დაზღვევის ფასი 10 ლარია, ხოლო დაზღვევის გარეშე პასპორტის იმავე დღეს მიღების საფასური 208 ლარს შეადგენს."-განმარტავენ სერვისების განვითარების სააგენტოში.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაზღვევის შეძენა, მთელი საქართველოს მასშტაბით, შესაძლებელია იუსტიციის სახლის ფილიალებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებში და ექსპრეს საზოგადოებრივ ცენტრებში.

| Print |
FaceBook Twitter Google