პანკისელ ახალგაზრდებს თავდაცვის აკადემიაში ჩასარიცხად მოამზადებენ
10 იანვარს მთავრობის წარომადგენლები პანკისში იმყოფებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მისი მოადგილეები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთი დუმბაძე პანკისის ხეობის მცხოვრებლების პრობლემებს გაეცნენ.

ადგილობრივების მთავარი მოთხოვნები სოფლებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემის გამართვაა. რეგიონში ასევე პრობლემურ საკითხებად საბავშვო ბაღების, სკოლებისა და გზების მოწესრიგების საკითხები სახელდება. შეხვედრებზე სოციალური პრობლემების კონტექსტში რელიგიურ საკითხებზეც ისაუბრეს.

"ხშირად დავდიოდი და ასევე ძალიან ხშირად შემიძლია ჩამოვიდე პანკისში, თუკი გვექნება მათგან კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული ხედვა, რეკომენდაციები - რა არის ის, რაც შეიძლება გაკეთდეს დღეს, ხვალ, უახლოეს მომავალში იმისთვის, რომ შევამციროთ რადიკალიზმი და ახალგაზრდობა დავაბრუნოთ იმ ურთიერთობებსა და ადათ-წესებში, რომელზეც ეს ხეობა მუდმივად იდგა და რომლითაც დღემდე ამაყობს",- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო პანკისში, კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრში, ქართულის და ინგლისურის მასწავლებლებს მიავლენს. სამინისტროს ინიციატივით ასევე გამოყოფენ სპეციალისტებს, რომლებიც ადგილობრივ აბიტურიენტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვის მიზნით ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პანკისი /