ნაგავსაყრელი ივრის ნაპირზე [Video-Photo]
საგარეჯო, იორმუღანლოს თემი, მდინარე იორი... ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რომ ნაპირი დაბინძურებულია, პოლიეთილენის პარკებით ხეები ისეა „მორთული“, რომ საახალწლო ნაძვის ხე გეგონებათ.
საქონელი მდინარეში წყალს სვამს, სოფელ ბადიაურის მკვიდრი ორი მწყემსი იქვე ისვენებს და თან სადილს შეექცევა. ნაგავსაყრელზე ვეკითხებით, ამბობენ, რომ ეს პრობლემა მათაც აწუხებთ. მათი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ცხვარ-ძროხა პარკებს ჭამს, შემდეგ კი იხოცება.

გვეუბნებიან, რომ ნაგავს ნაპირზე ხან ადგილობრივები ყრიან, ხან კი იორმუღანლოს ბაზარში მიმავალი ხალხი ნარჩენებს მანქანიდან პირდაპირ მდინარეში ისვრის.

აღნიშნულ პრობლემას კარგად იცნობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

„მდინარე იორში ჩამავალი ნარჩენები სხვა ქალაქიდან არ ჩამოვა, ამას თავად ადგილობრივები ყრიან. ეს იმის მანიშნებელია, რომ სოფლებიდან ნარჩენები არ გადის. თვლიან, რომ თუ ნაგავს მდინარეში ჩაყრიან, წაიღებს. პირველ რიგში, ეს იწვევს წყლის დაბინძურებას, იქ ბანაობა აღარ შეიძლება. ყველა ის ნივთიერება, რომელიც ილექება, მავნებელია და სხვადასხვა ტიპის დაავადებას იწვევს. ალბათ, იტყვიან, როგორ შეიძლება ივრის დაბინძურებამ სასმელ წყალზე იმოქმედოსო, მაგრამ ნამდვილად ასეა. სასმელი წყლით უზრუნველყოფა ხდება ნიტრატებიდან, საბოლოო ჯამში შეიძლება ჭაც კი დაბინძურდეს. საყოფაცხოვრებო ნარჩენები მალე იშლება, მაგრამ გვხვდება ქიმიურიც, როგორიცაა სასუქები. მინდა აღვნიშნო, რომ საგარეჯოში კადმიუმის (კადმიუმის ნაერთები საწამლავია. განსაკუთრებულად საშიშია მისი ოქსიდის ორთქლის შესუნთქვა. კადმიუმი წარმოადგენს კანცეროგენს). არსებობაც კი დაფიქსირდა.“

საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ფიზიკური პირი 2კგ-მდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის, 80 ლარით ჯარიმდება. 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას კი 500 ლარით. ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს დაბინძურებისთვის მძღოლი, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევი, 120 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. დაჯარიმების ფუნქცია სამ უწყებას აკისრია, საპატრულო პოლიციას, გარემოს დაცვის ინსპექციასა და გამგეობის შესაბამის სამსახურს. როგორც ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, აღსრულება პრაქტიკულად არ ხორციელდება.

„იმ სოფლებში, საიდანაც ნარჩენი არ გადის, საჯარიმო სანქციის განხორციელება არ შეიძლება. ამიტომ ვერც ერთი უწყება ვერაფერს იზამს, თუ მოსახლე ნაგავს ყრის. შენ, სახელმწიფომ, ვერ უზრუნველყავი, კონტეინერების და მანქანების არსებობა. მინდა აღვნიშნო, რომ არა მარტო იორმუღნლოში, არამედ მთლიანად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არ არის დარჩენილი არც ერთი სოფელი, რომელსაც ნაგვის კერა არ აქვს.“

როგორც ჩვენთან საუბარში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი ამბობს, იორმუღანლოს თემს სულ მალე ნაგავმზიდი რეგულარულად მოემსახურება. ამ ეტაპზე მანქანების განბაჟების პროცედურები მიმდინარეობს. ის იმედოვნებს, რომ ნაგავსაყრელის პრობლემა ამით აუცილებლად მოგვარდება. მაგრამ თუკი გარემოს დაბინძურება ისევ გაგრძელდება, ისინი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედებენ და კანონდამრღვევ მოქალაქეებს დააჯარიმებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google