შსს-ს 325 ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავს აღრიცხული
შს სამინისტროს ქართული წარმომავლობის 325 ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავს
აღრიცხული. შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის
ინფორმაციით, მათი მცირე ნაწილი საქართველოს საპყრობილეებში
იმყოფება, ხოლო დიდი ნაწილი პოსტსაბჭოთა სივრცეში და ევროკავშირის
ქვეყნებშია.
„ორგანიზებული დანაშაული საქართველოში არის მინიმალურ დონეზე. ყველა
შეფასებით, დანაშაულის სტატისტიკით, იმ სტანდარტებით რაც არის
ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენთან ორგანიზებული დანაშაული არის
მინიმალურ დონეზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხუციშვილმა.
მან დღეს პარლამენტის ორ კომიტეტს რატიფიცირებისთვის საქართველოსა და
ევროპის პოლიციის სამსახურს შორის გაფორმებული შეთანხმება წარუდგინა.
კომიტეტებმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები