ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა უკვე დასრულდა.
მოეწყო შეხვედრების დარბაზი, არსებული ტერიტორია შემოიღობა და კეთილმოეწყო.

სახლ-მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. რეაბილიტაციის პროცესში ჩატარდა ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები და იქვე აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი. სახლ-მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტის ღირებულება 396 693 ლარია.

გრიგოლ ფერაძე 1899 წელს სოფელ ბაკურციხეში დაიბადა. მან ჯერ სასულიერო სემინარია დაამთავრა, ხოლო შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. სწავლა ბერლინის უნივერსიტეტში გააგრძელა, დასრულების შემდეგ ლექციებს ვარშავის უნივერსიტეტში კითხულობდა. სრულიად ახალგაზრდა ბერად აღიკვეცა, შემდეგ დიაკვნისა და ეპისკოპოსის ხარისხში
აიყვანეს. დიდი სამამულო ომის წლებში მფარველობდა და ეხმარებოდა პოლონეთში მცხოვრებ ებრაელებს, რის გამოც დააპატიმრეს
და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც 1942 წელს აღესრულა.

1995 წელს სვეტიცხოვლის ეკლესიაში გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხეს. პოლონეთში მისი სახელობის ტაძარი ააშენეს.
1995 წელს, მამა გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. 2013 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.


| Print |
FaceBook Twitter Google