ხვალ თელავში "ერეკლეობა" გაიმართება
ხვალ, 7 ნოემბერს, თელავში" ერეკლე მეორის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ტრადიციული სახალხო დღესასწაული "ერეკლეობა" გაიმართება.
მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა, როგორც კულტურული, ასევე შემეცნებითი ღონისძიებები.

მეფის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს მცხეთის სვეტიცხოვლში და თელავში, ერეკლე მეორის სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლენენ.

11:00 საათზე, მეფის სასახლეში გაიმართება ეროვნულ სამოსში კოსტიუმირებული სანახაობა და კონცერტი ანსამბლების „კახეთის ჰანგებისა“ და „პატარა კახის“ მონაწილეობით.

12:00-დან 17:00 საათამდე ერეკლე მეორის მოედანზე, მოიფინება თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. კულტურის ცენტრში კი გაიმართება ახალგაზრდა მხატვრის ნინო ჯელაძის ნამუშევრების გამოფენა.

დღის განმავლობაში ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყობა სოფლის ნობათის, ღვინის, ტურიზმის, ხალხური რეწვის, წიგნისა და მუსიკის პავილიონები. 12:00-დან 16:00 საათამდე, ღია სცენაზე გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაჯილდოვდებიან თელავის საპატიო მოქალქეები.

დღესასწაულს კონცერტი დაასრულებს.

| Print |
FaceBook Twitter Google