რა კომენტარს აკეთებს სოფელ ართანადან გატაცებული შოთა ცოცანიძე
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მკვიდრი, უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და იარაღის მუქარით გატაცებული შოთა ცოცანიძე კომენტარს აკეთებს.
ცოცანიძის განცხადებით, 2018 წლის 9 იანვარს, მას იარაღის მუქარით ხელწერილი დააწერინეს და აიძულეს ეთქვა, რომ ვითომ 26 000 დოლარი ვალი ჰქონდა.

"იარაღის მუქარით ჯერ სიღანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში წამიყვანეს, იქიდან კი თბილისში, აფრიკის დასახლებაში. მითხრეს, შენი ოჯახის რომელიმე წევრი მოვიდესო. მოვიდა ჩემი შვილი, მან უთხრათ გამტაცებლებს, რომ თანხას გადაიხდიდა. 24-საათის შემდეგ სახლში დავბრუნდი. 20 თებერვალს ისევ დამიკავშირდნენ და თქვეს, რომ თბილისიდან თანხის წასაღებად მოდიოდნენ. პოლიციას შევატყობინე, ორი მანქანით მოვიდნენ, ჩამსვეს და სოფელ ართანადან რომ გავდიოდით, სპეცრაზმმა და პოლიციამ ჩემი გამტაცებლები დააკავა"- აცხადებს შოთა ცოცანიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს.

უწყების ცნობითვე, დაკავებულებმა 26 ათასი ამერიკული დოლარის გამოძალვის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მცხოვრებ პირს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.




| Print |
FaceBook Twitter Google