გურჯაანში ვენახების კადასტრის პროგრამა დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პროგრამის პრეზენტაცია გურჯაანში გამართეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "რუკა მაპინგი“ განახორციელებს, რომელიც მონაცემების შეკრებასა და ორთო-ფოტოების გადაღებას უკვე შეუდგა.

ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. ამ პერიოდში შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია.

-"საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისთვის."-განაცხადეს უწყებაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში აღირიცხა 886.9 ჰა, ყვარლის მუნიციპალიტეტში 5533,4 ჰა, თელავში 5477,9 ჰა და ახმეტაში 1818,2 ჰექტარი ვენახი.




| Print |
FaceBook Twitter Google