პრეზიდენტობის კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა
დღეს, 18:00 სთ-ზე, დასრულდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა . ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 25 საპრეზიდენტო კანდიდატი დაარეგისტრირა.
კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძის თქმით, მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ.
"კანდიდატურის მოხსნის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე, არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება ცესკოში არ შემოსულა. შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი იქნება ყველა, - 25-ვე რეგისტრირებული კანდიდატი." - განაცხადა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, დღეს ასევე ამოიწურა ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ვადაც. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებამდე ბოლო 12 დღის განმავლობაში აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა.

„ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა სიის გადამოწმების ელექტრონული სერვისებით, 10 ოქტომბრის ჩათვლით ისარგებლა და სიები გადაამოწმა 900 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, ხოლო სიებში მონაცემებთან დაკავშირებით საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებს წერილობით მიმართა 988 ამომრჩეველმა."
როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, საუბნო საარჩევნო კომისიები ამომრჩევლებს სიის საბოლოო ვერსიის საფუძველზე, ამომრჩევლის ბარათს მიმდინარე წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით დაურიგებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google