სკოლებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ
სკოლებში მომდევნო სასწავლო სემესტრიდან ახალი საგანი "თავდაცვა და უსაფრთხოება“ დაინერგება. ახალ საგანში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ინფორმაცია იქნება მოცემული, რომელსაც სამხედროები ჩაატარებენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამხედრო პირების გადამზადების მიზნით, ტრენინგი მიმდინარეობს. მისივე თქმით, დასაწყისში 10-20 სკოლა შეირჩევა, რომლებშიც საგანი საპილოტე რეჟიმში დაიწყება.

„ამ საკითხზე ვმუშაობთ თავდაცვის სამინისტროსთან. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა შეიმუშავეს პროფესიული განვითარების მოდული, რომლის ტრენინგები ახლა მიმდინარეობს შერჩეული სამხედროებისთვის. ისინი გაივლიან ტრენინგმოდულს და შეფასებას. უკვე საპილოტე რეჟიმში გაზაფხულიდან ჩვენ შევარჩევთ რამდენიმე სკოლას, სადაც ეს საგანი შევა. სკოლები იქნება, როგორც თბილისის ისე რეგიონების.

მოგეხსენებათ, რომ საკითხები, რომელებიც სამოქალაქო თავდაცვასთან და პატრიოტიზმთან არის დაკავშირებული, ისედაც შედის სამოქალაქო განათლების საგანში, თუმცა ამ საგნის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საკმაოდ პრაქტიკული კურსია - მოსწავლეებს აცნობს ეროვნული გმირების შესახებ ისტორიებს, ასევე უახლესი ისტორიის ფაქტებზე აკეთებს აქცენტს, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომზე და ა.შ. რა პოლიტიკური საფრთხეების წინაშე იდგა ქვეყანა, როგორც 2008 წელს, ისე უახლესი წარსულის განმავლობაში. მას შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. მოსწავლეები უფრო ფართო რაკურსში დაინახავენ ამ ყველაფერს“,-განაცხადა აბულაძემ.

საგანს საშუალო საფეხურის მოსწავლეები ისწავლიან.

თემატიკა სამ სავალდებულო სასწავლო თემას მოიცავს:

2008 წლის ომი;
საქართველო საერთაშორისო მისიებში;
შეიარაღება;


| Print |
FaceBook Twitter Google