2019 წლის 1-ლი იანვრიდან პროფილაქტიკური აცრები სავალდებულო იქნება
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად.  2019 წლის 1-ლი იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები სავალდებულო იქნება.
აღნიშნული კანონის მიზანი იმუნიზაციის გლობალური მოცვის საშუალებით მოსახლეობის დაცვაა, მათ შორის წითელას გავრცელების საშიშროებისგან.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უნდა გაიზარდოს ვაქცინაციის პროცესში სკოლამდელი აღზრდის და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობა. ვაქცინით მართვადი დაავადებების გავრცელების რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად სავალდებულო უნდა გახდეს სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის დაწყებისას იმუნიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრების მოთხოვნა. კანონის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამგვარი მიდგომა საერთაშორისო პრაქტიკაში (აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ისლანდია, ნორვეგია და სხვა) გავრცელებულია.

კანონის მიღების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები არ გამოიყოფა. იმუნიზაციის პროგრამა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანი ვაქცინაციით მართვადი ინფექციებისაგან მოსახლეობის დაცვაა. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. პროგრამის ბიუჯეტი 22 400 ათასი ლარია.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა /