რა საფრთხეს ქმნის მოუწესრიგებელი კომუნიკაციები გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობაში
უკვე წლებია გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობაში  ჭერიდან წყალი ჩამოდის, რის გამოც ელექტროგაყვანილობა დაზიანებულია.
აგრეთვე, მოსაწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა. შენობაში ელექტროგაყვანილობა ისეა მოძველებული, რომ ზამთრის პერიოდში, როდესაც ორგანიზაციების ძირითადი ნაწილი ელექტროგამათბობლებს რთავს, ხშირად მრიცხველში სადენები იწვება. გასულ წელს ამის გამო შენობაში სახანძრო სამსახურიც გამოიძახეს.

გურჯაანში მერის წარმომადგენელმა აღნიშნული პრობლემების მოგვარების თხოვნით მერიას მიმართა, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ეს საკითხი მათთვის პრიორიტეტული არ არის.

-„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებში არსებული პრობლემები რასაკვირველია ცნობილია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მოსახლეობის სოციალური პროგრამების გაუმჯობესება, საგზაო ინფრასტრუქტურის და სოფლების წყლის საკითხის დარეგულირებაა, ამაზე ორიენტირებულობაა ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ეტაპზე ისევ ამ მიმართულებით ვგეგმავთ ბიუჯეტს,“-განაცხადეს პრესსამსახურში.

ჩვენს კითხვაზე, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას თუკი შენობაში ხანძარი გაჩნდება, მერიაში გვიპასუხეს: - ხანძრის შემთხვევაში გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.



ფოტო გადაღებულია 2015 წელს, როდესაც ადმინისტრაციული შენობის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა.
| Print |
FaceBook Twitter Google