სკოლებში არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტიდან დაიწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ასევე გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.

„ჯანდაცვის სამინისტრო არის მუდმივ კოორდინაციაში ყველა უწყებასთან, ჩვენ მზად ვართ, გავუწიოთ რეკომენდაციები და დავეხმაროთ პროცესის მართვაში. ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება და მინდა მათ მადლობა გადავუხადო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორინავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამივე დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.



ამავე თემაზე:

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა


| Print |
FaceBook Twitter Google