გურჯაანის ბაზარი მიმდინარე მშენებლობის გამო ჯერ კიდევ ვერ გაიხსნება
მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სურსათის ეროვნულმა სააგენოტომ შეიმუშავეს დამატებით ახალი რეკომენდაციები, რომლის დაცვის შემთხვევაშიც ბაზრებს შეუძლიათ მუშაობა განაახლონ, გურჯაანის ბაზარი ამ ეტაპზე მაინც ვერ გაიხსნება. დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის თქმით, ამის მიზეზი ბაზრის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია.

„ჩვენ ყველა რეკომენდაცია შეგვიძლია გავითვალისწინოთ და ყველა წესი დავიცვათ. ეგ არ არის შეუსრულებადი რეგულაციები, მაგრამ მშენებლობაა დასასრულებელი და ხორცის სექცია უჟანგავი მეტალით უნდა მოეწყოს. გუბერნია დაგვპირდა, რომ მასალების შეძენაში დაგვეხმარება, მაგრამ ფიზიკურად მშენებლობას დრო სჭირდება და ასე მალე ვერ დასრულდება. როდესაც ეს მშენებლობა დასრულდება, დისტანციას, დეზინფექციას, ჰიგიენას და სხვა ყველა რეკომენდაციას დავიცავთ. ამის პირობა ნამდვილად გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვმუშაობთ, ბაზარში დეზინფექციას მაინც ვატარებთ.“

ლამარა აკოფაშვილისთვის უცნობია, როდის გაიხსნება ბაზარი. შეგახსენებთ, რომ გურჯაანის აგრარულ ბაზარში ვაჭრობა 6 აპრილიდან შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ ბაზარი ერთგვარად თავშეყრის ადგილია და დაავადების გავცელების კერას წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სურსათის ეროვნულმა სააგენოტოს ერთობლივი რეკომენდაციით, ასევე არ დაიშვება ბაზარში კონკრეტული დაავადების მქონე პერსონალი. შეზღუდვები წესდება 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვისაც.






| Print |
FaceBook Twitter Google