საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
როგორც პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს საგანაგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.

„ფართოვდება კლასტერები სამწუხაროდ და სულ უფრო რთულდება წყაროს დადგენა. ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდაგავრცელების ეტაპზეა. ამასთან, სპეციალისტების ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდგომი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ პიკურ ფაზაში. უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგა, რომელიც ქვეყანას ვირუსის მასიური გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მისცემს, რათა ამ ფაზას ლოგიკურად მოვაყოლოთ ე.წ. გახსნის ფაზა, რაც დაწესებული შეზღუდვების ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივ მოხსნას გულისხმობს.
მინდა გითხრათ, რომ გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება შევამსუბუქოთ ის გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აქამდე მოქმედებენ და შემდგომში იმოქმედებენ.“

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დღეს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე. პრეზიდენტის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცხადებისთანავე, ეს გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს.

„ჩვენს მოქალაქეებს გვინდა, ვუთხრათ, რომ რაც უფრო ზედმიწევნით, რაც უფრო ზუსტად აღსრულდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც არის დაწესებული, მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი შემსუბუქების გეგმის განხორციელება, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. შესაბამისად, თითოეული მოქალაქე ამ საკითხს უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. გვესმის, რთულია შეზღუდვების პირობებში ცხოვრება და ჩვენი ყოველდღიურობა იცვლება, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც უფრო ზუსტად იქნება დაცული ეს რეკომენდაციები, მით უფრო მალე დავბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმში. ამიტომ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, გავუფრთხილდეთ სხვებს და რა თქმა უნდა, გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, 14 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდებოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google