თელავის ბაზარი დარღვევების გამო ისევ დახურეს
თელავის აგრარული ბაზარი ისევ დაიკეტა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრის ადმინისტრაცია 3000 ლარით დააჯარიმა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბაზარში მომუშავე ადამიანების მიერ რეკომენდაციების დარღვევის ფაქტები დააფიქსირეს. ზოგ მოვაჭრეს პირბადე ნახევრად ეკეთა, ზოგსაც ხელთათმანი დაავიწყდა, ამიტომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3000-ლარიანი ჯარიმა დაგვიწერა”, – აცხადებენ თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაში.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ბაზარი ადმინისტრაციამ თვითნებურად გახსნა და ეს გადაწყვეტილება არც მერიასთან, არც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და არც საკოორდინაციო საბჭოსთან, არ იყო შეთანხმებული. ამიტომ მოხდა ბაზრის ადმინისტრაციის დაჯარიმება წესების დარღვევის გამო.

"ბაზარი გაურკვეველი ვადით დღის ბოლოდან დაიხურება. ბაზრის ადმინისტრაცის წესების და რეგულაციების ჩამონათვალი გადაეცა, რომელიც უნდა შეესრულებინა. ჩვენ გვესმის მოვაჭრეების პოზიცია და ამიტომ ბაზარი დღის ბოლომდე იქნება ღია, რომ მათ აღებული პროდუქციის რეალიაცია მოახდინონ",-აღნიშნა თელავის მერმა.

შეგახსენებთ, რომ თელავის ბაზარი 4 აპრილს დაიხურა და დღეს დილას გაიხსნა. რეგიონში დახურულია ასევე გურჯაანის ბაზარიც, რომელიც კიდევ ერთი თვე ვერ გაიხსნება.



| Print |
FaceBook Twitter Google