იორმუღანლოს ბაზარი ჯერ არ გაიხსნება


27 აპრილიდან ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დაიწყო, თუმცა, სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ყველა ის აგრარული ბაზარი, რომელიც საჭიროებს მუშაობას, უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს. ამის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში ვაჭრობა ბევრმა ბაზარმა ვერ განაახლა. ამ დრომდე არ ფუნქციონირებს საგარეჯოს მუნიციციპალიტეტის იორმუღანლოს ბაზარიც.

როგორც მესაკუთრე, მუბარიზ გუსეინოვი ამბობს, ჯერჯერობით არ იცის, როდის აღდგება ვაჭრობა.

„არსებულ ვითარებაში ყველას, ვინც ბაზარში მოდის, უნდა ეკეთოს ხელთათმანები და ნიღაბი. მაგრამ ამის უზრუნველსაყოფად ჩვენ არ გვაქვს საჭირო რესურსი და თუ ვერ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას და შესაბამის ნორმებს, ადმინისტრაცია დაჯარიმდება. იმისთვის, რომ საფრთხე არ შევუქმნან ჩვენს მოქალაქეებს და საკუთარ თავსაც, ჯერჯერობით ვაჭრობას ვერ განვაახლებთ.“ - გვითხრა მუბარიზ გუსეინოვმა.

კახეთის რეგიონში დახურულია თელავისა და გურჯაანის ბაზრებიც.

როგორც გურჯაანის ბაზრის მეპატრონე ამბობს, ვაჭრობა სავარაუდოდ, ერთი თვე კიდევ ვერ განახლდება. რაც შეეხება თელავის ბაზარს, ობიექტი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, თუმცა, იმავე დღეს დააჯარიმეს და დახურეს.
| Print |
FaceBook Twitter Google