თელავის აგრარული ბაზარი კვლავ გაიხსნა
დღეიდან თელავის ბაზარმა მუშაობა კვლავ განაახლა. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ყველა ის მოთხოვნა, რაც აუცილებელია ბაზრის ფუნქციონირებითვის.

,,გუშინ საღამოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შევამოწმეთ თელავის აგრარული ბაზარი. ყველა ის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც არსებობდა, ამ ეტაპზე შესრულებულია. გახსნის გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მივიღეთ.

თუმცა არსებობს მცირე ხარვეზები, რომელთა გამოსწორება ბაზრის ფუნქციონირების პარალელურად შესაძლებელია. ასევე დაწესებულია მკაცრი რეგულაციები, მიმდინარეობს თერმო სკრინინგი, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ხელის დამუშავება, რიგის რეგულაცია, აუცილებელია პირბადით გადაადგილება.“ ამბობს შოთა ნარეკლიშვილი.
მისივე განმარტებით, ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ.


აქვე განვმარტავთ, რომ თელავის ბაზარი სამკვირიანი პაუზის შემდეგ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, თუმცა, იმავე დღეს, დარღვევების გამო ადმინისტრაცია 3 000 ლარით დააჯარიმეს და ბაზარი დახურეს.

რეგიონში ამ დროისთვის დახურულია გურჯაანის ბაზარი, რომელიც მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო ფუნქციონირებას დაახლოებით ერთ თვეში შეძლებს.
ასევე დახურულია იორმუღანლოს ბაზარი. როდის განახლდება მისი ფუნქციონირება, მეპატრონე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს.

| Print |
FaceBook Twitter Google