თელავის საკრებულოს წევრებმა stopcov ფონდში თანხის ჩარიცხვა დაიწყეს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივას შეუერთდა, რომლის ფარგლებში წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის ყველა წევრი სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე აცხადებს, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით მმართველი პარტიის ინიციატივას, რომ ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ერთი მესამედი, სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ,“ – განაცხადა არჩილ თხლაშიძემ.

როგორც რეგიონის გუბერნატორმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, აქციას უერთდება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ასევე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია.

ამ ეტაპზე stopcov ფონდში უკვე ჩარიცხულია 129 526 936 ლარი.

| Print |
FaceBook Twitter Google