კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
კახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ყვარელში, სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის თაობაზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.


ეპიდემიოლოგები ადგილზე იმყოფებიან და ინფიცირებულის კლასტერს იკვლევენ.

ყვარლის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ტელმან ხვედელიძის განცხადებით, ინფიცირებული 50 წლამდე ქალი სასწრაფოს დახმარების ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა.

მისივე თქმით, ქალს რისკჯგუფის მქონე ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონია. პრევენციის მიზნით, მედიკოსების გამოკვლევის დროს კორონავირუსი მას PCR ტესტით გამოუვლინდა.

ეპიდემიოლოგები ყვარლის მედპერსონალს დამატებით გამოიკვლევენ.

მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდ stop.cov.ge-ს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 582 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 207. გარდაცვლილია - 8.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5152 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 551.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


| Print |
FaceBook Twitter Google