ყვარელში, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს კარანტინში გადაიყვანენ
იმ ადამიანებს, რომლებიც ყვარელში კოვიდ 19-ით ინფიცირებული ექიმის კონტაქტებს წარმოადგენენ, თვითიზოლაციაში არ დატოვებენ. ამის შესახებ დღეს ყვარელში გამართულ ბრიფინგზე კახეთის გუბერნატორმა განაცხადა.


„იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნული შემთხვევის გამო რისკ ჯგუფში არიან, გადავიყვანთ კარანტინში, თვითიზოლაციას ასე გვირჩევია.
ეპიდემიოლოგებთან ერთად ასეთი გადაყვეტილება იქნა მიღებული. მზად გვაქვს უკვე კარანტინის სივრცე, სადაც დაცული იქნება მკაცრი თვითიზოლაცია,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ან რომელიმე სეგმენტის ჩაკეტვაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის.

„როდესაც დღეს დღის ბოლოს გვიან გვეცოდინება უფრო კონკრეტული სურათი, თუ რა შესაძლო რისკები შეიძლება დადასტურდეს, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას ცენტრალურ საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით, რა ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენ ჩვენი რეკომენდაციები გვექნება ამასთან დაკავშირებით.“


შეგახსენებთ, რომ დღეს კახეთში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 50 წლამდე ასაკის ქალს დაუდასტურდა, რომელიც მუშაობს ექიმად, სასწრაფო დახმარების სამსახურში და ასევე ევექსის კლინიკაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, ეპიდსიტუაციის შესახებ ზუსტი სურათი უცნობია.

რაც შეეხება წყაროს, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სანამ კონტაქტების ტესტირება არ ჩატარდება, ძნელია იმის თქმა, ვინ არის წყარო.
| Print |
FaceBook Twitter Google