ლაგოდეხის ცხელების ცენტრში მყოფ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
მამაკაცს, რომელიც ლაგოდეხის ცხელების ცენტრში 2 მაისს გადაიყვანეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პაციენტი რუსთავში გამოვლენილი, კორონავირუსით დაინფიცირებული პირის მამაა და ცხელების ცენტრში, თერმოსკრინინგის შედეგად ტემპერატურის დაფიქსირების გამო მოათავსეს .

როგორც ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ამბობს, შესაბამისი ანალიზები ლუგარის ცენტრში გააგზავნეს. ამ პასუხის საფუძველზე, თვითიზოლაციიდან მოიხსნება 15-მდე პირი, რომლებსაც მამაკაცთან ჰქონდათ კონტაქტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა კახეთში გუშინ დაფიქსირდა. პირველი დაინფიცირებული ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების და ევექსის  ექიმია.


ის ადამიანები, რომლებიც ყვარელში კოვიდ 19-ით ინფიცირებული ექიმის კონტაქტებს წარმოადგენენ, კარანტინში გადაიყვანეს.


გუშინვე სწრაფი ტესტირებით კორონავირუსი ყვარელში კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა, მათ შორის არის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი. დაუდასტურდებათ თუ არა კორონავირუსი, ლუგარის ლაბორატორიის დასკვნაზეა დამოკიდებული.
| Print |
FaceBook Twitter Google