როდის აღდგება მიმოსვლა თბილისსა და რუსთავში
როგორც დღეს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ორშაბათს, 11 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში, 14 მაისიდან - რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდა კი - მარნეულში.

„მოგეხსენებათ, თბილისი იყო ჩაკეტილი ქალაქი. 11 მაისიდან, ორშაბათიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვები შემოსვლის და გასვლის თვალსაზრისით იქნება მოხსნილი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკომენდანტო საათი იქნება გაუქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში. ამ ეტაპობრივ გახსნას აქვს თავისი მიზეზი და მიზანი. 18 მაისს სრულად გაიხსნება მარნეული. აქ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა ჩატარდეს გარკვეული რაოდენობის ტესტირება და ეს დრო ამისთვისაა საჭირო“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილიდან აიკრძალა.
| Print |
FaceBook Twitter Google