ყველაფერი უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოკლე ვადაში აღდგენისათვის - გახარია
საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.


მორიგ სხდომაზე განიხილეს მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული შეზღუდვები და მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები.

„ხელისუფლება აცნობიერებს მოქმედი შეზღუდვებით, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებით, მოსახლებისთვის შექმნილ სირთულეებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ნაბიჯები მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხეების მაქსიმალურად არიდებას და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგების შენარჩუნებას ემსახურება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის.“- განაცხადა პრემიერმ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სამედიცინო პერსონალი, სოფლებში დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს, მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირება.
საკარანტინო შეზღუდვების აღსრულების პროცესს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე აკონტროლებენ.





| Print |
FaceBook Twitter Google