კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 87 ტესტის პასუხი უარყოფითია
29 მაისს კახეთიდან ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 87 ნიმუში გაიგზავნა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4038 ნიმუში, აქედან 1277 მედპერსონალია, 1524 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, 223 - შშმ პირი.

კახეთში ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე სტაბილურია. დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ არის რეგისტრირებული.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, თვითიზოლაციაში იმყოფება 14 მოქალაქე. მეთვალყურეობიდან მოიხსნა - 5. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 5 ლოკაციაზე იმყოფება 179 მოქალაქე.

მისივე განმარტებით, ნიმუშების აღება კვლავ მიმდინარეობს როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. აგრეთვე ტარდება გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირება ისეთი რისკჯგუფებისთვის, როგორიცაა: სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.
| Print |
FaceBook Twitter Google