არჩევნებზე ამომრჩეველს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით,  საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ორგანიზება მოხდება, უშუალოდ უბანზე შესვლისას კი მოქალაქეს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ.


ამის შესახებ თალაკვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

საარჩევნო უბნებზე განთავსებული იქნება სანიტაიზერები და დეზობარიერები, შემხები ზედაპირების (მაგიდები, კარის სახელურები და სხვა) დამუშავება კი სპეციალური ხსნარებით განხორციელდება.

აგრეთვე, უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაივლის უშუალოდ საარჩევნო კამპანიას და მის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრებიც.

„ხელისუფლება უკვე მუშაობს უსაფრთხოების წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით იქნება მოწოდებული. უსაფრთხოების წესები მინიმუმამდე შეამცირებს საარჩევნო პროცესის გამო კორონავირუსის გადაცემის ალბათობას და ამავე დროს არ შეზღუდავს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას და საარჩევნო უფლების რეალიზებას,"-განაცხადა თალაკვაძემ.


 

| Print |
FaceBook Twitter Google