მაია ცქიტიშვილმა და მიხეილ ჩხენკელმა კახეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს
ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განათლების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ ბოდბეში 90 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება, სოფელ საქობოში კი 2021 სასწავლო წლისთვის.  აგრეთვე, ქალაქ გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობა ამ ზაფხულს დასრულდება.

„ სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაშიც მუნიციპალური განვითარების ფონდი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩართულია 2019 წლიდან. დაახლოებით 220 მილიონი ლარის ღირებულების ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. კახეთში ამ ეტაპზე 7 ახალი სკოლა შენდება. ერთ-ერთი გახლავთ სოფელ ბოდბის 90 ბავშვზე გათვლილი სკოლა. დანგრეული სკოლის გამო ბავშვებს უწევდათ მეზობელ სოფლებში სიარული, ახალი სკოლის მშენებლობით კი მათ საშუალება ექნებათ, თავიანთ სოფელში მიიღონ განათლება. მნიშვნელოვანია, რომ სრულიად საქართველოს მასშტაბით ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს დაგეგმილი 59 ახალი სკოლის მშენებლობა და 85 სკოლის რეაბილიტაცია. უნდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 20 სკოლის დასრულებას სექტემბერში ვგეგმავთ. წლის ბოლომდე კი 4170 ბავშვზე გათვლილი სკოლების მშენებლობა იქნება დასრულებული. ბუნებრივია, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურა არის განათლების რეფორმის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა აქცენტი პროფესიულ განათლებაზე გააკეთა.

-"აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ პროფესიულ განათლებას, ქალაქ თელავში მდებარე კოლეჯში სრული რემონტი და გადაიარაღება მიმდინარეობს. კერძო სექტორიც  იჩენს ინიციატივებს იმასთან დაკავშირებით, რომ პროფესიული სწავლება დაინერგოს. აგრეთვე, გურჯაანში შენდება ტექნოპარკი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინოვაციების ცენტრს ბევრი ვიზიტორი ეყოლება,"-განაცხადა ქადაგიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google