თელავის საკრებულოს წევრი მეუღლისა და შვილების ცემის გამო დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო
და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი დააკავეს.
გამოძიება გრემელაშვილს ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ
მუქარასა და ოჯახში ძალადობას ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.
-"გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული,
„ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის
მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა
მათზე.
სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას,
კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი
ამოიღეს,"-ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში
ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე
მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალსწინებს.
ცნობისთვის,ინფორმაცია იმის შესახებ,რომ გრემელაშვილი ოჯახის
წევრებზე ძალადობდა, გუშინ სუროგაციის ცენტრ "ნიუ ლაიფის"
დამფუძნებელმა მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
კუკუნაშვილი გრემელაშვილის ბიძაშვილია.
მასალის გამოყენების პირობები