საგარეჯოში მიწების სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოები მიმდინარეობს.
საჯარო რეესტრის საველე ჯგუფები ამ ეტაპზე მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვებს ნინოწმინდაში, გიორგიწმინდაში, საგარეჯოში, ლამბალოსა და დუზაგრამაში ახორციელებენ, ადგილზე დათვალიერების ოქმებს ავსებენ და საკუთრების უფლების საკითხებზე მოსახლეობას სამართლებრივ დახმარებას უწევენ.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, სისტემური რეგისტრაცია ეტაპობრივად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება: ქალაქი საგარეჯო, ნინოწმინდა, წყაროსთავი, გიორგიწმინდა, ყანდაურა, შიბლიანი, იორმუღანლო, ლამბალო, თულარი, დუზაგრამა.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ დასახლებებში სისტემური წესით კერძო, მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვას არ დაელოდება და ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას, როგორიცაა: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების დარეგისტრირება – საკუთარი ინიციატივით და უფასოდ განახორციელებს. პროექტი კერძო მესაკუთრეებს საშუალებას მისცემს მიწის ნაკვეთები მარტივად და უფასოდ დაირეგისტრირონ, შეძლონ რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვა და ეკონომიკური სარგებლის მიღება.

მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელმაც სარეგისტრაციო პროცედურები გაამარტივა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2016 წელს დაიწყო.



| Print |
FaceBook Twitter Google