სტიქია კახეთში - დასეტყვილი ვენახები და დაგლეჯილი ხეები
კახეთის რეგიონში სტიქიაა. სეტყვამ ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა: თელავი, ახმეტა, გურჯაანი და ყვარელი.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა თელავსა და ყვარელში. დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები, მრავალწლიანი კულტურები, ვენახები, დაგლეჯილია ხეები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

ამ დროისთვის გაწმენდითი და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფება კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი.

-„ყველა სამსახური გამოსულია და სტიქიის ადგილზეა, რომ მოძრაობა დროულად აღდგეს. მუნიციპალური სამსახურები თავიანთ ტერიტორიაზე აკონტროლებენ ვითარებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც მობილიზებულია. ზარალთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით, სანამ შესაბამისი კომისია ადგილზე არ შეისწავლის ვითარებას,"-განაცხადა ქადაგიშვილმა speqtri.ge-სთან.

მისივე ინფორმაციით, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ 150 ჭურვი გაისროლა, თუმცა სტიქია თავიდან აცილებული მაინც ვერ იქნა.




| Print |
FaceBook Twitter Google