რა ქონებას ფლობენ "ოცნების" კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

როგორც ცნობილია, „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი დედოფლისწყაროს ოლქში კენჭს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი იყრის, თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის ოლქში კი კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.
Speqtri.ge გაგაცნობთ, რა ქონებას ფლობს ორივე მათგანი.

ირაკლი ქადაგიშვილს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 14 ნოემბერს აქვს შევსებული. მის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში, რომელიც 2008 წელს 2000 აშშ დოლარად იყიდა და საცხოვრებელი სახლი ამავე სოფელში, რომელიც 2008 წელს 7000 დოლარად შეიძინა. 2004 წელს მას მემკვიდეობით აქვს მიღებული 156 კვ.მ. ფართობის ბინა. მისი მეუღლის, ეკატერინა შაუთიძის სახელზეა რეგისტრირებული ამავე ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელშიც 2010 წელს 15 000 დოლარი გადაიხადა. შაუთიძემ აგრეთვე 2012 წელს 10 000 აშშ დოლარად შეიძინა „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა.

დეკლარაციის შევსების დროს, ირაკლი ქადაგიშვილს სახელფასო ანგარიშზე 489 ლარი ერიცხებოდა. მის მეუღლეს კი ანაბარზე 7000 აშშ დოლარი და 4100 ევრო ჰქონდა. ნაღდი ფულის სახით კი, ქადაგიშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში 14 000 აშშ დოლარი გააჩნდა. კახეთის გუბერნატორმა 2018 წლის პირველი იანვრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის 70 800 ლარი აიღო.

რაც შეეხება დავით სონღულაშვილს, მან დეკლარაცია მიმდინარე წლის 30 იანვარს შეავსო. სონღულაშვილი ფლობს მიწის ნაკვეთს ტაბახმელაში, რომელიც 2007 წელს 20 000 ლარად შეიძინა. გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა 2016 წელს დაბა კოჯორში 120 000 ლარად იყიდა აგარაკი და 400 000 ლარად ბინა თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე. დეკლარაციის შევსების დროს დეპუტატისა და მისი მეუღლის ანგარიშებზე 197 ევრო, 5208,91 აშშ დოლარი და 34 000 ლარამდე თანხა ირიცხებოდა, ნაღდი ფულის სახით კი 60 000 აშშ დოლარი და 29 000 ლარი ჰქონდა.

დეპუტატს 16%-იანი წილი აქვს შპს “გამსახურდიას 5”-ში. საწარმოს საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა მიღებულმა შემოსავალმა წინა წელს 40 000 ლარი შეადგინა. მეუღლეს 100%-იანი წილი აქვს შპს „ბეიბი ზუმი საქართველო“-ში, მისი შემოსავალი გასულ წელს 1500 ლარი იყო. დეპუტატს წილი აქვს კიდევ რამდენიმე შპს-ში თუმცა წინა წელს ამ კომპანიებიდან შემოსავალი არ ჰქონია.
სონღულაშვილმა ხელფასის სახით გასულ წელს 43 975 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი რომელიც სააქციო საზოგადოება „ექსტრა არეას“ ფოტოგრაფია, 5612 ლარი.

დეპუტატმა 2016 წელს 611 890 ევრო გაასესხა, აქედან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წელს 45 403 ლარი შედგინა.

| Print |
FaceBook Twitter Google