"ფრონტერას" ყოფილი თანამშრომლების მორიგი აქცია დედოფლისწყაროში
ნავთობმომპოვებელი კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში მორიგი საპროტესტო აქცია გამართა.
მათ კვლავ სახელფასო დავალიანებების დროულად დაფარვა და სამსახურში აღდგენა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა,კომპანიის კუთვნილ მანქანას, რომელიც ნავთობის გატანას გეგმავდა,  ტერიტორიიდან გასვლის საშუალება არ მისცეს.

“ჩვენ უსამართლოდ არაფერს ვითხოვთ. თვეები ვიმუშავეთ და ახლა კომპანიას არ სურს ამ დავალიანების დაფარვა. ჯერ იყო და სამსახურიდან უსამართლოდ გაგვათავისუფლეს, მერე სახელმწიფომ “ფრონტერას” საარბიტრაჟო დავაც მოიგო და დაეკისრა სხვა ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, ჩვენი დავალიანების გასტუმრებაც, მაგრამ ამ დრომდე კომპანიის ხელმძღვანელობას გამოტანილი გადაწყვეტილების შესრულება არ უნდა. ჩვენს უკან ოჯახები და შვილები დგანან, მათ რა ვაჭამოთ, რა გავაკეთოთ უკვე აღარ ვიცით. წამლების ფული არ ჰქონდა და ძალიან უჭირდა, ამიტომ ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა ამ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო და რამდენიმე კვირის წინ დავალიანების ჩარიცხვის ბოლო იმედიც რომ გადაეწურა, თავი მოიკლა “,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კომპანიის დედოფლისწყაროს მენეჯერი აქციის მონაწილეებს შეხვდა, თუმცა როდის და რა ვადებში მოხდება ყოფილი თანამშრომლებისთვის დავალიანების ჩარიცხვა - ამ კითხვაზე მას პასუხი არ აქვს.

კომპანია „ფრონტერას“, 84 თანამშრომლის მიმართ დაახლოებით 17-თვიანი, ჯამში მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.
| Print |
FaceBook Twitter Google