მთავრობამ კარანტინის ვადა ორი დღით შეამცირა
მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით, მოქალაქე კარანტინში 14 დღის ნაცვლად 12 დღის განმავლობაში განთავსდება.
ცვლილება უცხო ქვეყნიდან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ პირებს, ასევე კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკურ პირს ეხება.

დადგენილების მიხედვით, ოფიციალურ ვიზიტზე მყოფმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

რაც შეეხება, საქართველოში შემოსულ უცხოეთის მოქალაქეს, იგი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება და მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ გაიმეოროს. რაც შეეხება უცხოურ დელეგაციებს, მათ საზღვარზე ოფიციალურ ვიზიტამდე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხები უნდა წარადგინონ.

იმ შემთხვევაში, თუ მას პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა რომ ვირუსი უკვე გადატანილი აქვს, პირი შემდგომი კვლევებისგან თავისუფლდება.




| Print |
FaceBook Twitter Google