შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა
შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამივე დაშავებულს ამ ეტაპზე აქვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები - ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორი დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

„ავარიის ადგილიდან შემოყვანილია 3 პირი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული, ორის განსაკუთრებით. მათ აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და სასწრაფოდ იქნენ შეყვანილი სოპერაციო ბლოკში, მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ამ ეტაპზე სამივე მათგანთან არის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები.

სამივე მთაგანთან არის პოლიტრავმა და მათი მდგომარეობა ფასდება როგორც კრიტიკული. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნარჩუნდება მედიკამენტური გზით,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად გარდაცვლილია 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა — 3.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / შატილი /