ამომრჩევლის დაშინებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდება
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, დარღვევებზე სანქციები მკაცრდება, პირველი მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტს კენჭი პლენარულ სხდომაზე უყარეს. ცვლილებებს მხარი 77 – მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არცერთი არ წასულა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. 


კანონპროექტში აღნიშნულია, რომ არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.


| Print |
FaceBook Twitter Google