ქალი, რომელიც სცენისთვის იყო დაბადებული - 54 წლის ასაკში მარიამ (ციცო) ლაზაშვილი გარდაიცვალა
აქტიური, ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებული, ქალი, რომელიც სცენისთვის იყო დაბადებული - ასე ახასიათებენ მეგობრები და თანამშრომლები გურჯაანის კულტურის ცენტრის ღონისძიებების ორგანიზატორს მარიამ (ციცო) ლაზაშვილს, რომელიც 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დაახლოებით ერთი თვის წინ, პროექტის „მხიარული სოფელი“, მიმდინარეობისას, სადაც ის წამყვანი გახლდათ, თავი შეუძლოდ იგრძნო, ინსულტი განუვითარდა და მას შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სოფელ ჩუმლაყის კულტურის სახლს, 2004 წლიდან კი გურჯაანის კულტურის ცენტრში მუშაობდა.

„ძალიან კეთილი იყო, ყველა უყვარდა, ხელოვნებისთვის თავდადებული და უღალატო ადამიანი გახლდათ. ყოველთვის ცდილობდა გაჭირვებულს დახმარებოდა და არაერთი საქველმოქმედო ღონისძიებაც ჩაუტარებია. ბევრი იდეა ჰქონდა, თუმცა განხორციელება არ დასცალდა. უამრავ ფესტივალს გაუწია ორგანიზება, ის იყო ქალი, სცენისთვის დაბადებული,“- იხსენებს თანამშრომელი შორენა ბააცაშვილი.

სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი დაწერეს გარდაცვლილის მეგობრებმა და თანამშრომლებმა, სადაც მისი გარდაცვალების გამო გულისტკივილს გამოხატავენ და სიყვარულით იხსენებენ. Speqtri.ge უერთდება მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

| Print |
FaceBook Twitter Google