გურჯაანის პირველ საჯარო სკოლაში სწავლა 21 სექტემბერს დაიწყება
ქალაქ გურჯაანის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრის ნაცვლად, 21 სექტემბერს განახლდება. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, მიზეზი სველი წერტილების მოწყობის სამუშაოებია.

„მუნიციპალიტეტის ბევრ საჯარო სკოლაში ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ვფიქრობთ, სამშენებლო ბრიგადების დეფიციტმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისისათვის ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება. ამიტომ, იქ სწავლა 15 სექტემბრის ნაცვლად, 21-ში განახლდება. ბავშვებს დახვდებათ სტანდარტების შესაბამისი გარემო. “

მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შემოწმება მუნიციპალიტეტის 25 სკოლიდან უკვე 16-მა გაიარა და დადებითი შეფასება მიიღო. როგორც მან განაცხადა, წელს სველი წერტილები მოწესრიგდა: ვაჩნაძიანის, ჯიმითის, ვაზისუბნის, ველისციხის, არაშენდის, ჩალაუბნის, ქალაქის პირველ, მეორე, მესამე დეა მეოთხე საჯარო სკოლებში. ველისციხეში გაკეთდა ცენტრალური გათბობა და კოსმეტიკური რემონტი. მეორე სააჯრო სკოლის მეორე კორპუსში შეიცვალა სახურავი. ამავე სკოლაში და ჩალაუბანში გაკეთდა სპორტდარბაზი.

| Print |
FaceBook Twitter Google