კახეთში 40 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 14 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 40 ათას ტონამდე ყურძენი.

აქედან: 28 ათასი ტონა რქაწითელი, 8 ათასი ტონა საფერავი, 1,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. უწყების ინფორმაციით, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები ოპერატიულად არეგულირებენ ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადებს, რაც რთველის პიკური პერიოდისთვის დამახასიათებელია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 40-მდე დიდი და საშუალო ღვინის კომპანია. მიმდინარე წელს კახეთში ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონის ფარგლებშია.

ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 235 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 67 ღვინის საწარმო. მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google