კარდენახის სკოლის უფროსკლასელები ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ჰიბრიდული მეთოდით ისწავლიან.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა განაცხადა, კონკრეტული კლასის ბავშვები რამდენიმე დღე სკოლაში ივლიან, რამდენიმე დღე კი, ონლაინ სწავლება ექნებათ.
„ჰიბრიდულ მოდელზე გადასასვლელად, სკოლა ავსებს სპეციალურ ფორმას, სადაც მიუთითებს რით არის განპირობებული ეს გადაწყვეტილება. შემდეგ მიმართავს რესურსცენტრს შუამდგომლობის თხოვნით. ჩვენ გავცემთ ბრძანებას, რომ მოცემული სკოლა გადავიდეს სწავლების ჰიბრიდულ რეჟიმში ერთი კლასის, რომელიმე საფეხურის ან ზოგადად მთელი სკოლის მასშტაბით. ამის შემდეგ განცხადება იგზავნება განათლების სამინისტროში.
ჰიბრიდული მოდელისთვის კარდენახის საჯარო სკოლამ აირჩია საშუალო საფეხურის სამი კლასი: მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე. ამჟამად კარდენახის სკოლა გადასულია ალტერნატიულ ფართში. მოსწავლეების რიცხოვნობიდან გამომდინარე, საკლასო ოთახები არ არის საკმარისი. ამიტომ მოსწავლეები შენაცვლებით ივლიან სკოლაში. განსაზღვრულ დღეებში კი ონლაინ სწავლება ექნებათ. “

მისივე თქმით, ამ მეთოდით სწავლება სემესტრის ბოლომდე გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google