ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრები იხსნება
თბილისსა და ქუთაისში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის საპილოტე ცენტრები იქმნება, სადაც ერთ სივრცეში მოხდება, როგორც ბავშვის დაკითხვა და ექსპერტიზა, ასევე მის რეაბილიტაციაზე მუშაობა.

„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში ქმნის მომსახურებას, რომელიც უპასუხებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საჭიროებებს, უზრუნველყოფს ამ ბავშვების მოკლე და გრძელვადიან ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას. ამასთანავე, ამავე სივრცეში განხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა საჭირო ღონისძიებები, რათა ბავშვი დაცული იქნას ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციისაგან (მსხვერპლად ყოფნა). ცენტრის პილოტირება განხორციელდება 2021 წლის ბოლომდე. პილოტირების მონიტორინგის შედეგები გამოავლენს, ერთი მხრივ – ცვლილებების საჭიროებებს ცენტრის მომსახურების გაუმჯობესების/შემდგომი განვითარებისა და, მეორე მხრივ – საჭიროებებს ცენტრის ბენეფიციართა წრის გაფართოებისათვის“, – ნათქვამია ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მიმართ გამოძიებისას გამოვლენილი სხვადასხვა სირთულე გახდა. იმის გამო, რომ გამოძიებაში სხვადასხვა ორგანო ერთვებოდა (მაგ. საგამოძიებო ორგანოები, ექსპერტიზის ბიურო, ფსიქოლოგი) საჭირო იყო ბავშვის რამდენიმე სტრუქტურაში მიყვანა, რაც მოზარდის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახებოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google