მევენახეებმა ყურძენი სოფლის რწმუნებულებთან შეთანხმებით უნდა დაკრიფონ - ლევან მეხუზლა
რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბში პრესკონფერენცია გაიმართა. შტაბი მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულებთან კოორდინირებული მუშაობისკენ  მოუწოდებს, რათა  რთველის პიკური პერიოდის დროს ქარხნებთან რიგებში დგომა დიდხანს არ მოუწიოთ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან მევენახეებს რიგში დგომა უწევს. მეხუზლას განცხადებით, თითოეულ სოფელში დღიურად ყურძნის დაკრეფის რაოდენობის შესახებ მითითება სოფლის რწმუნებულებს ეძლევა, თუმცა მოსახლეობის ერთი ნაწილი მათთან შეუთანხმებლად მოსავალს მაინც კრეფს, რაც იმ რაოდენობას აჭარბებს, რომლის გადამუშავების შესაძლებლობა ქარხნებს აქვთ.

“არის პიკური პერიოდი და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ამიტომ მოქალაქეებს მოვუწოდებ სოფლის რწმუნებულებთან შეთანხმებით მოხდეს ყურძნის დაკრეფა, რათა თავიდან ავიცილოთ რიგები და რთველის მიმდინარეობა კოორდინირებულად წარიმართოს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. სწორედ ამ მიზნით ხელისუფლება აქტიურად მუშაობს”-, განაცხადა მეხუზლამ.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში უკვე 179 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. 






| Print |
FaceBook Twitter Google