კახეთში 200 ათას ტონამდე ყურძენია მოკრეფილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 28 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 200 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, გადამუშავებულია 142 ათასი ტონა რქაწითელი, 48 ათასი ტონა საფერავი, 3,4 ათასი ტონა კახური მწვანე, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.


რთველის დაწყებიდან ყურძნის გადამუშავების პროცესში 165 ღვინის საწარმო იყო ჩართული. რაც შეეხება დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელს, ის 8 ათასი ტონის ფარგლებშია.  აქტიური რთველი ამ ეტაპზე საგარეჯოში გადაინაცვლებს, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რთველის ინტენსივობა თანდათან მოიკლებს.

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რთველი / ყურძენი /