ვინ ისარგებლებს პირველ ეტაპზე გრიპის ვაქცინით
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში უკვე შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული წარმოების ვაქცინა.
გამყრელიძის ინფორმაციით, ოქტომბრის მეორე ნახევარში  110 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა.

„ვაქცინა დღეს უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. სახელმწიფოს 135 ათას დოზაზე აქვს კონტრაქტი და დანარჩენი 110 ათასი დოზა შემოვა 23 ოქტომბრის კვირაში.  პირველ ეტაპზე, ეს 25 ათასი დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკჯგუფებისთვის. ესენი არიან, პირველ რიგში, ორსულები, მოხუცთა თავშესაფრებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების - ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, ასევე, შიდსით დაავადებულადამიანები.  როცა დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან დანარჩენი დიდი რისკჯგუფები - ესენი არიან, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, ასევე, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, მხედველობაში მაქვს ქრონიკული რესპირაციული დაავადებები და გულსისხლძარღვთა დაავადებები ვისაც აქვს, 65 წელს ზემოთ. ამასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ, რომ დამატებით კიდევ სახელმწიფომ 100 ათასი დოზის მობილიზაცია გააკეთოს, რომლის შემოსვლის ალბათობა არის ისევ და ისევ ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის შუა რიცხვები,“ - განაცხადა გამყრელიძემ.




| Print |
FaceBook Twitter Google