გურჯაანის მუნიციპალიტეტში ენმ-ს პლაკატები დააზიანეს
კახეთში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატები დააზიანეს. ნაწილი ჩამოხიეს და ნაწილს საღებავი გადაასხეს.
როგორც ჩვენთან საუბარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თემურ ბუწაშვილმა განაცხადა, პლაკატები მმართველი გუნდის მიერ გამიზნულად არის დაზიანებული.
„გუშინ ღამით, ოცნების შტაბმა გასცა ბრძანება, რომ “გაეწმინდათ”ოპოზიციის კანდიდატის პოსტერებისგან გურჯაანის მუნიციპალიტეტი, რომელიც სისრულეში მოიყვანეს მათმა “გოშიებმა”. 2000-ზე მეტი პოსტერია დაზიანებული: ზოგი ჩამოხეული, ზოგიც გადაღებილი. ჩემი შეფასებით, ეს არის წასაგებად განწირული, ხალხის აგონიური ქმედება. 31 ოქტომბერს ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს და ქვეყანა დაადგება დემოკრატიული განვითარების გზას.“

ბრალდებას უარყოფს შეხვედრების კოორდინატორი „ქართული ოცნების“ შტაბში კოტე ბერიძიშვილი და ამბობს, რომ პლაკატები მოსახლეობის მიერ არის ჩამოხეული.
„ბოლო კვლევებით, რომელიც ოპოზიციურმა ტელევიზიებმა გააშუქეს, ქართული ოცნების რეიტინგი იყო 62%, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა 15%. აქედან გამომდინარე, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, რა ინტერესი უნდა გვქონდეს ჩვენ, რომ მათი პლაკატები ჩამოვხიოთ. იყო შემთხვევები, რომ ჩვენი პლაკატებიც რამდენჯერმე დააზიანეს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგან ბავშვი აზიანებს, ზოგან გამწარებული მოქალაქე. დასკვნა გამოგვაქვს, რომ ხალხი მასიურად არის ამ პარტიაზე გამწარებული და პლაკატებსაც იმიტომ აზიანებენ. რატომ უნდა ვეჭიდავოთ 15-პროცენტიან პარტიას, დავხარჯოთ ენერგია და რესურსი პლაკატების ჩამოხევაზე. ეს ჩვენს ინტერესში არ შედის. თავიანთ თავში უნდა იპოვონ გამოსავალი და შეცდომების გამოსწორების გზა.“

| Print |
FaceBook Twitter Google