15 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში 3 558 291 ამომრჩეველია
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან, ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 3 558 291 საარჩევნო ასაკის მქონე პირის მონაცემი გადმოსცა. მონაცემები ცესკოში დამუშავდება და უახლოეს მომავალში ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა იქნება ცნობილი. ამ ორ უწყებას შორის ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია და კოორდინაცია განხორციელდა იმ მიზნით, რომ სია ყოფილიყო მაქსიმალურად დახვეწილი. ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საარჩევნო უფლების მქონე ყველა ამომრჩეველი იქნება სიაში და არჩევნებზე არავის უფლება არ შეიზღუდება.“- განაცხადა თამარ ჟვანიამ

მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ აწვდის, ხოლო საარჩევნო პერიოდში გადასცემს მოთხოვნის შესაბამისად.


| Print |
FaceBook Twitter Google