გურჯაანის თოჯინების თეატრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა
გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ერთ - ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დირექტორის, ნინი ნადირაძის განმარტებით, თანამშრომელი ბოლოს რეპეტიციაზე ხუთი დღის წინ იმყოფებოდა.

„ხუთი დღის წინ დაუფიქსირდა ტემპერატურა მანამდე კი ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულთან. დღეს მივიღეთ პასუხი, რომ კოვიდდადებითია. ვიდრე სიმპტომი გამოაჩნდებოდა, რეპეტიციებზე იმყოფებოდა. როგორც კი ტემპერატურა დაუფიქსირდა, თეატრმა მაშინვე შეწყვიტა მუშაობა და გადავედით თვითიზოლაციაში. დაველოდეთ ტესტის პასუხს. ეპიდემიოლოგები იყვნენ საქმის კურსში, მაგრამ არავის მოუკითხავს და არანაირი მითითება არ მიგვიღია. თანამშრომლებს ტესტირება არ ჩაგვტარებია. 12 დღეა კარანტინი და აუცილებლად დავიცავთ წესებს.“

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ხელმძღვანელის  მანანა გოგაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ეპიდემიოლოგებმა კვლევა უკვე დაიწყეს.
„წუხელ როგორც კი გადმოგვცეს მონაცემები ჩვენ მაშინვე ვაცნობეთ რომ გადასულიყვნენ იზოლაციაში. ეპიდემიოლოგების ჯგუფი გასულია და მუშაობს. გვყავს რამდენიმე ინფიცირებული. ყველასთან მივლენ და ჩატარდება ის პროცედურები რაც საჭიროა ეპიდემიოლოგიური კუთხით. “

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

| Print |
FaceBook Twitter Google