კახეთში კორონავირუსის 45 შემთხვევა დაფიქსირდა
დღევანდელი მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
„პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 33 858-ს შეადგენს.

როგორც აღვნიშნეთ, გრძელდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში გვყავს 2 197 გამოჯანმრთელებული პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 14 829-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 ადამიანი, აჭარაში - 7, ხოლო იმერეთში - 4 ადამიანი. გარდაცვლილების ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 253 ადამიანს.“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღეს დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 636 ახალი შემთხვევა, აჭარაში - 333, იმერეთში - 320, ქვემო ქართლში - 121, შიდა ქართლში - 76, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 119, კახეთში - 45, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 15.
| Print |
FaceBook Twitter Google