გურჯაანში ენმ-ს კანდიდატის ბანერი დააზიანეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგაანიზაციის თავმჯდომარე, თემურ ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში სურათები გაავრცელა, სადაც მათი კანდიდატის დაზიანებული ბანერია აღბეჭდილი.

მან speqtri.ge- სთან საუბარში განაცხადა, რომ ხელს ქართული ოცნების წარმომადგენლებს ადებს.
„წუხელ, სავარაუდოდ გვიან ღამით, ქართული ოცნების ზონდერებმა “გაერთიანებული ოპოზიციის”კანდიდატის ბანერი დააზიანეს, რომელიც კერძო საკუთრებაზეა გაკრული, დაზიანებულია შენობაც საღებავის ჭავლით! ეს არის აგონიური ქმედება, რომელიც უპირობო მარცხის შიშითააა ნაკარნახევი.“

ბრალდებებს უარყოფს და აბსურდულს უწოდებს ქართული ოცნების შტაბის შეხვედრების კოორდინატორი, კოტე ბერიძიშვილი.
„მასე შეიძლება ყველაფერი დაგვაბრალონ. ამას ფაქტები სჭირდება. ვინც დააზიანა, ის უნდა დაისაჯოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ ამ შემთხვევაში. ეს არის მოგონილი და აბსურდული. სამაგისო არც საფუძველი გვაქვს და არც მიზეზი. ჩვენი მიზანია, არჩევნების წყნარ და მშვიდ გარემოში ჩატარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირიქით, ვებრძვით მასეთ ინციდენტებს. ხშირია შემთხვევები, თვითონ ხევენ იმის გამო, რომ ჩვენსკენ გამოიშვირონ ხელი. პასუხი უნდა ეძიონ იმ ხალხში რომლებიც თვითონ გაამწარეს და ამ კუთხით ცდილობენ შური იძიონ. “

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღეა დარჩენილი.

| Print |
FaceBook Twitter Google