ISFED ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ხმის დათვლის პროცესის შეფასება და არჩევნების დღის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

ორგანიზაციამ PVT მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე წარმოადგინა დასკვნა, სადაც აღნიშნავს, რომ  შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას.

„მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.

მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა. ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული მხარე - საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,“ - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.


მათივე ინფორმაციით, არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. მათ  მიიღეს ინფორმაცია დამკვირვებლების 96.1%-ისგან.




როგორც ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ განმარტავს, #10 შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტული პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 0.9%-სა და 1.1%-ს შორის, ხოლო #3 ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველოს მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი - 0.8%-სა და 1.0%-ს შორის ინტერვალშია, ამდენად, მათ არ შეუძლიათ დანამდვილებით განაცხადონ გადალახეს თუ არა აღნიშნულმა პარტიებმა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2020 /